დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა ბაღდავაძემ ივანიშვილის სახლთან აქცია მოაწყო
დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ბაღდავაძემ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა.
ის სამსახურში აღდგენას ან ალტერნატიულ სამსახურში დასაქმებას სთხოვს.
ბაღდავაძის თქმით, ხელისუფლება მას უსამართლოდ მოექცა და შემოსავლის ერთადერთი წყარო პროტესტის გამოხატვის გამო წაართვა.
დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა აქციების განახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თბილისის მერმა მის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს ასე უპასუხა: "რაღა დროს ირაკლი ბაღდავაძეა".
ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მეეზოვეები დაბალ ხელფასს, დაძველებულ უნიფორმებსა და ტექნიკას, ასევე შრომის ცუდ პირობებს აპროტესტებდნენ.
ირაკლი ბაღდავაძე ხელისუფლებას განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა; მიუთითებდა კორუფციასა და დამამცირებელ მოპყრობაზე. ამის შემდეგ კი ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზეც ალაპარაკდა.
"ქალაქის მერი ე.ი ადამიანად არ მთვლის. მე გამანადგურა კალაძემ. სამართლიანობის გამო გამომიშვეს სამსახურიდან. 34 ათასი ლარი მაქვს ბანკში ვალი. ნება იბოძინ და გადამიხადონ ბანკის ვალი ან დამასაქმონ". - თქვა მან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში - 6 და 7 აგვისტოს გაფიცულები იყვნენ.
გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ.
ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის.
ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.
მერია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ტექნიკა ახალშეძენილია, ხელფასები კი მომატებულია და საკითხი იანვრიდან ისევ გადაიხედება. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, თუმცა, წელს ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც, მისი თქმით, უკვე მოგვარებულია.
ამასთან, კახა კალაძემ თბილისერვისის ზოგიერთ გაფიცულ თანამშრომელს "კრიმინალიც" უწოდა.
ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ხმამაღლა აკრიტიკებდა ხელისუფლებას. რამდენიმე დღის წინ კი მთავარი არხის ეთერში ისაუბრა სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე - ბაღდავაძემ თქვა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს.
ასევე, 19 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თანამშრომლები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ვიდეოს სწორედ დავით გელოვანი იღებდა.